ჩემ შესახებ

ალექსანდრე სლოვინსკი
ფერმწერი, გრაფიკოსი, არქიტექტორი, კინო-სატელევიზიო მხატვარი, სცენარისტი, თეატრალურ- დეკორაციული ხელოვანი.
ალექსანდრე სლოვინსკი დაიბადა 1935 წლის 10 ივლისს ცნობილი ინჟინერის, ნიკოლოზ სლოვინსკისა და მისი მეუღლის ბარბარე იოსავას ოჯახში. ნიკოლოზ სლოვინსკის პროექტითაა აგებული თამარ მეფის ხიდი თბილისში, ასევე იგი ხელმძღვანელობდა საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით სხვადასხვა ხიდების, გზების მასშტაბურ პროექტებს.
       მიუხედავად იმისა, რომ სლოვინსკის გვარი პოლონური წარმოშობისაა, ამ გვარის წარმომადგენლების უკვე რამდენიმე თაობა თავს ქართველებად მიიჩნევს. 
      ა. სლოვინსკი სწავლობდა თბილისის მე-13-ე ვაჟთა სკოლაში. 1953 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე, სადაც გაიცნო და დაუმეგობრდა თანაკურსელებს – იური ჩიკვაიძეს და ოლეგ ქოჩაკიძეს. მათთან ერთად მოგვიანებით შექმნა ჯგუფი ,,სამეული”, რომელმაც არსებობის სამი ათეული წლის მანძილზე დიდი როლი ითამაშა საქართველოს სამხატვრო ცხოვრებაში,  სახვითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის აღმავლობაში.     
1957 წელს მოსკოვში გამართულ ”მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალზე” მან პირველი პრემია აიღო. ეს იყო მისი, როგორც ხელოვანის პირველი აღიარება.
აქვე ჩაეყარა საფუძველი ”სამეულს”, რომელმაც იმავე 1957 წელს, უკვე ერთობლივი წარმატება მოიპოვა – შემოქმედებითი ჯკგუფი  მოსკოვის ”ახალგაზრდობის და სტუდენტთა მსოფლიო ფესტივალის” ლაურეატი გახდა.
      დიდი წარმატება ხვდა წილად მოზარდ-მაყურებელთა თეატრში ახალგაზრდა სამეულის მიერ გაფორმებულ სპექტაკლს, რომელიც ასევე მოსკოვში წაიღეს. ეს იყო სპექტაკლი ,,წეროები”. 
//
ჯგუფს განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ქართული სცენოგრაფიის განვითარებაში, მისი მხატვრული ენის განახლებაში. მათი თამამი ძიებანი, ორიგინალური მიგნებები დიდ როლს თამაშობდა გამოჩენილ ქართველ რეჟისორებთან ერთად შექმნილი მრავალი სპექტაკლის და მრავალი დადგმის წარმატებაში, რომლებიც განხორციელდა რუსთაველის, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრებში, აგრეთვე საქართველოს და საზღვარგარეთის სხვა სცენებზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი მოღვაწეობა მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, რომლის მთავარი მხატვრები ისინი მრავალი წლის განმავლობაში იყვნენ. სამეულის სცენოგარფიამ მრავალჯერ დაიმსახურა წლის საუკეთესო თეატრალური ნამუშევრის ჯილდო.
სამეული მრავალი მხატვრული ფილმის და მულტფილმის დამდგმელ მხატვრებად, ზოგჯერ სცენარის ავტორებად და რეჟისორებადაც გვევლინებოდნენ. დიდია სამეულის და კონკრეტულად, ალექსანდრე სლოვინსკის როლი ქართული გრაფიკის საინტერესო ნიმუშების შექმნაში. მათ მიერ დასურათებულია მსოფლიო სალიტერატურო კლასიკის და ფოლკლორის არაერთი ნაწარმოები. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მათი წვლილი ქართულ სახვით შექსპირიანაში.
სამეულის მიერ განხორციელებულია არქიტექტურული და დეკორაციული ხელოვნების მრავალი საინტერესო პროექტი. 
1957 წლიდანს შემოქმედებითი გაერთიანება ,,სამეულში”(ი. ჩიკვაიძე, ა. სლოვინსკი, ო.ქოჩაკიძე) იღებს მონაწილეობას გამოფენებში:
    1967 _ გამოფენა ,,BIENNALE SANPAULO,” ბრაზილია, 1971, 1975წლებში.
  ,,პრაღის კვადრიენალე“- ჩეხოსლოვაკია.
    1976 წლიდან 1996 წლამდე  მარჯანიშვილის თეატრის მთავარი მხატვარი. 
    1976-1978 წლები  _ თეატრისა და კინოს მხატვრების გამოფენების მონაწილე ქალაქებში: მოსკოვი, ლენინგრადი., ვილნიუსი, კიევი, ერევანი.
    1971 წ. _ თეატრალურ – დეკორატიული ხელოვნების მოძრავი გამოფენების მონაწილე ევროპის ქვეყნებში: ინგლისი, ავსტრია, პოლონეთი, გერმანია.
    1980 წ. _ მარჯანიშვილის თეატრის გასტროლები და ნამუშევრების გამოფენა მილანში.
    1983 წ. _ მონაწილეობა გამოფენებში : პარიზი, ედინბურგი, //
    1984-1986 წლები _ თეატრის გასტროლები და ნამუშევრების გამოფენები ბულგარეთში და გერმანიაში (ბერლინი, ვაიმარი).
    1986 წ. _ ,, სამეულის“ გამოფენა საქართველოს სახ. სურათების გალერეაში.
  
   1959 წლიდან – მრავალი კინოფილმის, მულტიპლიკაციური ფილმის, და თეატრალური სპექტაკლის დამდგმელი მხატვარი თბილისის, ბათუმის, მოსკოვის, კიევის, პრაღის თეარტრებში (,,სამეულის” შემადგენლობაში).
 
დღემდე მოყოლებული, ა.სლოვინსკიმ მრავალი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი შექმნა, გამორჩეული ორიგინალური ხედვით და ოსტატობით. 
სამეულის ერთად მუშაობის პერიოდში 1961 წელს იგი გახდა არქიტექტორთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, 1965 წელს მხატვართა კავშირის წევრი, 1971 წელს კინემატოგრაფისტთა კავშის წევრი, ხოლო 1967 წელს მან სამეულის სხვა წევრებთან ერთად მიიღო საქართველოს დამსახურებული მხატვრის საპატიო წოდება.  ჯგუფის დაშლის შემდეგ მან განაგრძო დამოუკიდებელი მუშაობა მუსკომედიის თეატრში მთავარ მხატვრად, ამავდროულად დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა სამხატვრო აკადემიაში (კითხულობს კომპოზიციას), სადაც მას პროფესორის წოდება მიანიჭეს.
     ალექსანდრე სლოვინსკი მიიწვიეს თეატრალურ ინსტიტუტშიც პროფესორად, სადაც სტუდენტებს უკითხავს ლექციებს სცენის დიზაინსა და სცენის ტექნოლოგიების შესახებ. მას ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ერთი შვილიშვილი.
 
 
WIKIPEDIA ”სამეულის” შესახებ:

დისკუსია დახურულია.